პრეზიდენტის პრეს-სამსახურს თამარ ღვამიჩავას პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. მისი ავტობიოგრაფია არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ირკვევა, რომ თამარ ღვამიჩავა 2020 წლის მარტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს განცხადებით, საჯარო უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, ვინ იყვნენ კანდიდატები და რატომ შეარჩია პრეზიდენტმა ღვამიჩავა. მისივე თქმით, თამარ ღვამიჩავას არ იცნობს და არ იცის, სასამართლოსთან დაკავშირებით მუშაობის რა გამოცდილება და ხედვები აქვს.
თამარ ღვამიჩავას დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ. დოლიძის თქმით, თამარ ღვამიჩავას დანიშვნით სალომე ზურაბიშვილმა კლანის სურვილი შეასრულა.
„ჩემი შეცვლა პირით, რომელსაც არასდროს თავში არ მოსვლია რაიმე სამართლებრივი მოვლენა გაეპროტესტებინა ბოლო 20 წლის განმავლობაში, არის არაჩვეულებრივი საჩუქარი კლანისა და ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა დოლიძემ, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვა.
ამ თემაზე:
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დანიშნა