weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადვოკატის განცხადებით, ენზელ მკოიანს ისევ ემუქრებიან და 5 მილიონს სთხოვენ

16:52 პარასკევი, 04 სექტემბერი 2020

ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, ქართული ოცნებიდანახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანის სატელეფონი ზარების მეშვეობით ისევ ემუქრებიან და 5 მილიონ აშშ დოლარს სთხოვენ.

ადვოკატის განცხადებით, მუქარის გამეორების შესახებ იცის პოლიციამ, მაგრამ ენზელ მკოიანი დღემდე არ გამოუკითხავთ. ტარიელ მურმანიშვილის თქმით, დეპუტატმა გენერალურ პროკურორსაც მიმართა და გამოძიების პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა, თუმცა „ყურადღებას არავინ აქცევს“.

„21 აგვისტოს ენზელ მკოიანის ძმა ააფეთქეს მანქანაში, რადგან ეგონათ, რომ მასში ენზელ მკოიანი იჯდა. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მუქარები და მოთხოვნები, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდა, ახლობელს წაართმევდნენ. როგორც ჩანს, ეს მუქარები რეალური იყო. 30 აგვისტოს ღამით, ენზელ მკოიანს დაურეკეს იმავე ნომრით და ფული მოსთხოვეს. რუსულად, კავკასიური აქცენტით ეუბნებოდნენ - თუ ჩვენს მიერ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდი, საყვარელ ადამიანს წაგართმევთ და ვეღარასდროს ნახავო.

ეს ადამიანები პირდაპირ ეუბნებიან: ხომ ხედავ, არ ვხუმრობთ, შენი ძმის მანქანა ავაფეთქეთ, ერთი კვირის ვადას გაძლევთ ან გადაიხდი ამ თანხას, ან, ფაქტობრივად, წაგართმევთ შენს ახლობელს, ან შენ მოგკლავთ. ისინი ამბობენ, რომ ამ საქმის უკან დგას ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ენზელ მკოიანით“, – განაცხადა ადვოკატმა.

ტარიელ მურმანიშვილის თქმით, ენზელ მკოიანი „იმდენად არის შეშინებული, რომ ვიდეომიმართვა ჩაწერა“, რომელიც იმ შემთხვევაში გასაჯაროვდება, თუ მას ან მის ახლობლებს რაიმე შეემთხვევათ.

„ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ვიდეოში მიუთითებს პიროვნებებზე, ვისზეც ეჭვი აქვს. როდესაც სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში ჩვენება მისცა, გარკვეული სახელები და გვარებიც დაასახელა“, – აღნიშნა მურმანიშვილმა.

ენზელ მკოიანი ამბობდა, რომ ივნისიდან ურეკავენ, ემუქრებიან და აშანტაჟებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ის ამ მუქარას უკავშირებდა 21 აგვისტოს, მისი ძმის ავტომანქანის აფეთქების მცდელობას და მიიჩნევდა, რომ აფეთქების სამიზნე ის იყო.

ორი დღის წინ ენზელ მკოიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

პარლამენტის წევრის მიმართ სავარაუდო მუქარის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]