weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულში საარჩევნო კომისიის თანამშრომლის ცემის ბრალდებით ენმ-ის წევრი დააკავეს

22:51 კვირა, 04 ოქტომბერი 2020

სამართალდამცველებმა მარნეულში, საარჩევნო კომისიის თანამშრომლისთვის, ცოტნე ბოჭოიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ლაშა ქველაძე დააკავეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა. ლაშა ქველაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც არის.

პროკურატურამ ქველაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა) წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 5000 ლარის შეფარდებას ითხოვს.

29 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა, რომელთა შორის ლაშა ქველაძე და მისი მამა, გივი ქველაძეც იყვნენ, მარნეულის საოლქო კომისიასთან აქცია გამართეს. ისინი საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების არჩევის პროცესს აპროტესტებდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, სადაც თავმჯდომარეებიც აირჩეს, 28 სექტემბერს ისე ჩატარდა, რომ ამის შესახებ კომისიებში ოპოზიციის მიერ დანიშნულ წევრებს არ შეატყობინეს. აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დაწყებაშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იმავე დღეს ბრიფინგი გაიმართა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, სადაც განაცხადეს, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ნაცემი იყო. ცესკოს თანახმად, ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ შეატყობინა პირველი სხდომების გამართვის შესახებ, უსაფუძვლოა.

29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა - თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლაშა ქველაძეს, გივი ქველაძესა და მათ ნათესავს, დათო ქიმაძეს, რის გამოც მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი - გ.შ. და გ.ჯ. 3 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ  29 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ.შ.-მ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად ძალადობა განახორციელა დათო ქიმაძის, ლაშა და გივი ქველაძეების მიმართ, ხოლო გ.ჯ.-მ, გ.შ.-სთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, იძალადა გივი ქველაძის მიმართ.

იმავე დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, თუმცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]