მარიამ ჯაშის თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციამ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ბოლო 7 თვეში ორჯერ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს (17 მარტს და 19 ივნისს), თუმცა არც წერილობითი პასუხი მიუღიათ დღემდე და არც მინისტრი მისულა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე.
„რეაგირების გარეშე დატოვა ჩვენი 27 მაისის მიმართვაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა. სამწუხაროდ, მხოლოდ არჩევნებამდე 1 თვით ადრე ინტერესდება მთავრობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედით“, – აცხადებს მარიამ ჯაში.
დეპუტატის თქმით, „საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მთავრობა წლების მანძილზე თავს არიდებდა საჯარო განხილვებს, რაც მართებული იყო, დღეს კი ყველაზე ხმაურიანი, მიუღებელი ფორმითა და ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებისათვის ყველაზე შეუფერებელ დროს ხდება საჯარო დებატების გააქტიურება“.
მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონს, რომელიც, ჯაშის თქმით, „მამა გაბრიელის კურთხევით 25 წელია ემსახურება დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსს და იბრძვის ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ინტერსების დასაცავად“.
„ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას საქმეზე უპირობოდ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინასწარი შეფასებებისაგან თავს ვიკავებთ.
ვთვლით, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში ექსპერტები არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად პასუხისმგებელი პირები.
„შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გარემო და შესაძლოა დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. არჩევნების შემდეგ, კი გამოძიება რომ არ დარჩეს საარჩევნო პოპულისტურ ნაბიჯად - აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელება ედებათ ბრალად. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ამ თემაზე:
ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული სპექტაკლი - მელაშვილის მეუღლე
ციხე ვერ გამტეხს, ამ ბრალდებას არ შევეგუები - პატიმრობა მელაშვილს და ილიჩოვას
გამოძიება საშინაო საქმეა, აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს – გახარია
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს – საქართველოს ელჩი დანიაში