weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ევროპულმა საქართველომ“ COVID-19-ის გამო აქცია გააუქმა

16:00 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

პარტია „ევროპულმა საქართველომ“, კროონავირუსის პანდემიის გამო, თბილისში ხვალისთვის დაგეგმილი აქცია-მსვლელობა გააუქმა. როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, აქციაზე სხვადასხვა რაიონებიდან ათასობით ადამიანის მოიყრიდა თავს, რაც გაზრდიდა რისკს, ხოლო მსვლელობის დროს რთული იქნებოდა დისტანციის დაცვა.

„ხვალ დაგეგმილი გვქონდა მრავალათასიანი აქცია თბილისში, რომელიც უნდა დასრულებულიყო პროტესტის მარშით და მარში დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. შექმნილი ვათრებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი კორონავირუსისგან ჩვენი მოსახლეობის დაცვაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ შეშფოთებით ადევნებს თვალს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას.

„ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება. სამწუხაროდ,

ხელისუფელბამ დახარჯა კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება - ქვეყნის და ეკონომიკის სრული ჩაკეტვა, იზოლირება და კარანტინი - გაზაფხულზე მაშინ, როდესაც დღეში გვქონდა 25-30 შემთხვევა და დღეს, როდესაც დადგა მეორე ტალღა და დღეში გვაქვს 800-900 შემთხვევა, ქვეყანა პრაქტიკულად მოუმზადებელია.

კორონავირუსის მეორე ტალღას ვხვდებით უფრო გაღარიბებული მოსახლეობით, უკვე გაჩერებული ეკონომიკით და მოუმზადებელი ჯანდაცვით. ასეთ პირობებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, გამართავს შეხვედრებსა და აქციებს.

დღეს პარლამენტის დეპუტატმა და „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ პარალამენტის თავმჯდომარეს მიმართა და არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვა მოითხოვა. კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე თუ რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობას არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

„უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე“, – აცხადებს კობერიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 11 პაციენტი კი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში – 1388.

გუშინ, 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში, დღე-ღამეში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების გადადებაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]