weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-ს ამოცანაა დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს – გახარია

14:59 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა უმოკლეს ვადებში დააკავოს პირი, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიმალა.

ამ საკითხზე გაცხადება გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა:

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი – მძევლების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სტრუქტურას სრულად აქვს ამოცანა დღეს, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს.

ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად, უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა.

ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც მუშაობს შსს და საბოლოო შედეგის მიღწევამდე უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს გამოსასყიდი თანხა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ოთხ ადამიანთან ერთად დატოვა და პოლიციის ავტომობილით უცნობი მიმართულებით წავიდა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

 

ამ თემაზე:

რას ჰყვება ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]