weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეგიონში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს – სერგეი შამბა

15:56 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, სერგეი შამბას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს გადაკვეთს, სოხუმი მზად არის ის თბილისს გადასცეს.

ონლაინგამოცემა „სოვასთან“ ინტერვიუში შამბამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოროტმოქმედის გადასვლის შესაძლებლობას „არარეალური“ უწოდა. ამასთან, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, აფხაზეთის სამსახურები მზადყოფნაში არიან და რეგიონში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გუშინ, 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს გამოსასყიდი თანხა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ოთხ ადამიანთან ერთად დატოვა და პოლიციის ავტომობილით უცნობი მიმართულებით წავიდა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

 

ამ თემაზე:

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოროტმოქმედი აფხაზეთში ვერ შემოვიდეს – დე ფაქტო ხელისუფლება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]