ქუთაისის მერობის არჩევნებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობასთან დაახლოებით 30-მა ადამიანმა სცემა. როგორც კიკვაძე ამბობს, მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კიკვაძის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
31 ოქტომბერს მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა კასპის, ონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებშიც. არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.
კასპში ვახტანგ მაისურაძემ ხმების 55.4% მიიღი, ონში დავით ჩიკვაიძემ – 56.6%, თერჯოლაში ლაშა გოგიაშვილმა – 50.4%, ხოლო ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილმა – 55.7%.
31 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრის შედეგად, ყველგან „ქართულმა ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მერების რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვიტეს ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ონის მერმა ემზარ საბანაძემ და კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.