ცესკო აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით.
„რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის: ცესკოს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემების დამუშავება. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ხორციელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ამჟამად შეყვანილი მონაცემი მოწმდება და ზუსტდება, ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, რაც აღმოფხვრის უზუსტობებს“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური საფუძვლებით.
„არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან/და კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი.
ამასთან, რაც შეეხება ოქმებთან დაკავშირებულ უზუსტობებს, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსულია საჩივრები, ისინი კანონის შესაბამისად განიხილება და ყველა კონკრეტულ საკითხზე, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრივი რეაგირება და გადაწყვეტილება“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
ამ თემაზე:
ოპოზიცია აცხადებს, რომ შემაჯამებელი ოქმების ბათილობაზე უკვე 853 საჩივარი მოამზადა
შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოკვეთილი ტენდენცია იყო – ISFED
ცესკომ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება – საია