weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უბნების გადათვლას საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება – კობახიძე

14:48 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმების ხელახლა დათვლის მზაობა არსებობს, თუმცა ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

„გადათვლასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა კონსულტაციები და მზაობა არსებობს, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს ყველა კომისიის წევრი, მათ შორის ოპოზიციიდან. მე რამდენადაც ვიცი, ამის მზაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს და შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი.

ამ შედეგებზე დიდ გავლენას არ ველოდებით გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ იმ ოქმებისა და უბნების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს პრეტენზიები, არის მცირე. მაგალითად, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პრეტენზიას აცხადებს 60 უბანთანთან დაკავშირებით, რაც არის უბნების 1.5%. ბუნებრივია, არჩევნების შედეგებზე საბოლოოდ ამას არსებითი გავლენა ვერ ექნება“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.  ISFED-ის დაკვირვებით ეს დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა.

„ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა ორგანიზაციამ არჩევნების მეორე დღეს.

ISFED-ს მიაჩნია, რომ საარჩენო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელახლა უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ დღეს განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში 1216 საჩივარი აქვთ წარდგენილი. გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს იმ უბნების შედეგების გაბათილებას, სადაც მეტი ბიულეტენი ამოვიდა და იმ უბნების ხელახლა დათვლას, „სადაც არის შანსი რომ ზუსტი მონაცემები დადგინეს“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი ამბობს, რომ ითხოვენ 117 უბანთან მიმართებაში შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა დათვლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]