weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საოლქო კომისიებმა 11 უბნის შედეგები გადაითვალეს, გაყალბება არსად დადასტურდა – კალაძე

15:13 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა საოლქო საარჩევნო კომიებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო „უპრეცედენტო გადაწყვეტილება“ და შესული საჩივრების საფუძველზე 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა მოხდა, თუმცა, როგორც კალაძე ამბობს, ოპოზიცია უბნების გადათვლას არეულობის შექნის საბაბად იყენებს და მონაცემების დაზუსტებით არ არის დაინტერესებული.

„11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არც ერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას, მოითხოვდნენ, თითქოსდა, პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათი უფლებამოსილი პირები შიგნით, საოლქო კომისიებში ისხდნენ და მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში.

აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა კალაძემ და მადლობა გადაუხადა ცესკოსა და შსს-ს თანამშრომლებს „მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ“.

გუშინ, 4 ნოემბერს, თბილისისა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ისინი „არჩევნების გაყალბებას“ აპროტესტებდნენ, ითხოვდნენ კომისიების სხდომებზე შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას. საოლქო კომისიების შენობებთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავა.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა გუშინ დაიწყეს და დღეს უნდა დაასრულონ. სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანის არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ საჩივრები სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვა, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილა. ISFED-მა მოუწოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გაერთიანებულ ოპოზიციის“ განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიები არ განიხილავენ პოლიტიკური პარტიების საჩივრებსაც. ოპოზციის წარმომადგენლის თამარ კორძაიას განცხადებით, მათ კომისიებში 1200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]