weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს – ტიკარაძე

16:23 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი არ შეუწყონ კორონავირუსის გავრცელებას. მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის და შეთანხმების მიღწევა „მსგავსი პროტესტის“ გამოხატვის გარეშეც შესაძლებელია.

„მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს პოლიტიკურ პროცესშია ჩართული, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის. სოციალური დისტანცირება კვლავ ყველაზე ეფექტურ იარაღად რჩება ამ ვირუსთან ბრძოლაში და შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა ძალიან დიდი რისკის მატარებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექიმებისთვის.

ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია  ქვეყანაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, დღეს კორონავირუსის გავრცელების კოეფციენტი დასტაბილურებულია და  აქციების გამართვა ამ მდგომარეობას რისკის ქვეშ აყენებს.

„ოქტომბერში, სანამ არ გვყავდა გამოჯანმრთელებული პაციენტების ის რიცხვი,  რომელსაც დღეს ვაანონსებთ, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს. მას შემდეგ, რაც რიგ ადგილებში სავალდებულო გავხადეთ პირბადე, ასევე დისტანციური მუშაობა, ჩვენმა კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. შევძელით, დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობებითა და ეფექტური მუშაობით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ.

დღეს აქციები ამ დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ადამიანებს, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომელიც მოწოდებულია. დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ოპოზციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას თბილისში, 8 ნოემბერს აანონსებს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეისთვის ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანსა და კვების დაწესებულებას აკრძალული აქვს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა. აჭარაში და 10 დიდ ქალაქში 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აკრძალულია 10-ზე მეტის ადამიანის მონაწილეობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. ასევე არ არის ნებადართული ღია სივრცეში ისეთი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ეს უკანასკნელი არ ვრცელდებოდა წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაზე.

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი მთავრობას, საარჩევნო ადმინისტრაციებს, ოპოზიციას და მოსახლეობას მიმართავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]