უდუმაშვილის თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე დღეს იყო რუსთაველის გამზირზე.
„გამოვიდეს რამდენიმე ადამიანი, ან თამარ ჟვანია და მისი მოადგილეები, ჩვენგანაც სამი ადამიანი გავა, ერთმანეთს შეხვდებიან, გაისაუბრებენ და ხომ შეიძლება, რაც ახლა ხდება შედარებით მშვდობიანად დასრულდეს? ამდენ ხალხს ნუ დაგველაპარაკებიან, სამ ადამიანს გავგზავნით, ჩვენს წარმომადგენლებს. კონტაქტიც კი არ უნდათ იმდენად შეშინებულები არიან. თუ ჰგონიათ, რომ თამარ ჟვანია ხვალ მოვა, სამსახურში დაჯდება და იმ ოქმებს გააფორმებს ოფიციალურად, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა, ძალიან ცდება. ნამდვილად არ მიეცემა ამის საშუალება“, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ცესკოს შენობასთან მათ რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მიერ დაყენებული სამი მოთხოვნა: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებს.
ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, რა დროსაც მათ წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ უარყო.
როგორც საბანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“.