weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

კომენდანტის საათის აქციებზე გავრცელება უკიდურესად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს – IDFI

14:59 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020
ფოტოზე: გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი ფოტოზე: გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მოუწოდებს მთავრობას, არ მიიღოს Covid-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, თბილისსა და 6 დიდ ქალაქში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს განაცხადა. რეგულაცია ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი. როგორც მაია ცქიტიშვილმა თქვა, შეზღუდვის მოხსნის საკითხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

IDFI-ის შეფასებით, არასწორია მთავრობის განმარტება, რომ დაწესებული შეზღუდვა წერტილოვანი შეზღუდვაა და არ წარმოადგენს კომენდანტის საათს.

„კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაო აკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება. ეს არის კომენდანტის საათი - „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება.

დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე [9 ნოემბერი, 09:30] არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაც ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

 IDFI-ი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა აპირებს გაიზიაროს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

„კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საპროტესტო აქცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, თამარ ჟვანიას გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 18:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა გვიან ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განაცხადეს. პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „არ ადარდებთ ეს მავნებლური რეგულაციები“, ხოლო ნიკა მელიას თქმით, „რუსთაველის გამზირი გადაწყვეტს“ რომელ საათამდე გაგრძელდება აქცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]