weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისში საპროტესტო აქცია დღეს, 18:00 საათზე განახლდება

11:21 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

საპროტესტო აქცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, თამარ ჟვანიას გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა გვიან ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განაცხადეს.

„ხვალ 6 საათზე, რუსთაველის გამზირზე, იდგება ამაყი წელში გამართული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი. არანაირი ოპოზიცია, ერი იბრძვის უზურპატორის წინააღმდეგ. ბრძოლა გრძელდება და ეს შეიძლება იყოს ერთდღიანი, შეიძლება ორდღიანი, ორკვირიანი ბრძოლა, მაგრამ არ შენელდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

დღეს, 22:00 საათიდან, თბილისსა და კიდევ ექვს დიდ ქალაქში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვა უნდა ამოქმედდეს. დილის 05:00 საათამდე აკრძალული იქნება როგორც ქვეითად, ისე ავტომობილებით გადაადგილება.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „არ ადარდებთ ეს მავნებლური რეგულაციები“, ხოლო ნიკა მელიას თქმით, „რუსთაველის გამზირი გადაწყვეტს“ რომელ საათამდე გაგრძელდება აქცია.

გუშინ, 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – და მათ შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს.

მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ წასულიყვნენ და შენობის პიკეტირება მოეხდინათ.

„იქ ახლა ქაჯეთის ციხეა. იქ მოპარეს ერს არჩევნები, რეჟიმის დავალებით, და ის შენობა ამ რეჟიმის განსახიერებაა. იქ, ხვალიდან, არავინ უნდა შევიდეს და არავინ უნდა გამოვიდეს“, – მიმართა აქციის მონაწილეებს მელიამ.

ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, რა დროსაც მათ წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ უარყო.

როგორც საბანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ლომჯარიამ ასვე თქვა, რომ პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.

ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ დაახლოებით 01:30 საათზე მოუწოდეს.

„აქ ყველა სველია. ახლა რომ არ დავიშალოთ, ხვალ ვერცერთი ვიქნებით საბრძოლველად, არადა ახლა ყველა მებრძოლია საჭირო. მშვიდად, წყანარად, ორგანიზებულად წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ, რუსთაველზე ვაჩვენოთ, რომ მაგათი არავის ეშინია“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ალეკო ელისაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]