„მინდა მოვუწოდო მთელ საქართველოს, შაბათს, როდესაც ე.წ. მეორე ტური უნდა ჩატარდეს, სადაც ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას და რჩებიან მარტო „ქოცხროვის“ კანდიდატები, სახლიდან ფეხი არავინ გადგათ, მათ შორის, „ოცნების“ მომხრეებს მოვუწოდებ, მეგობრებო, დარჩით სახლში! ნუ გაივლით ბერბიჭაშვილის გზას, ნუ გაივლით შადიმანის გზას, წიწამურის გზას. თქვენი მისვლა უბანზე იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა. არ დაიღალეთ? არ გეყოთ? დაოკდით, გაჩერდით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ცესკოში შეიტანა განცხადება, კანდიდატურის მოხსნისა და მეორე ტურის ბიულეტენებიდან მისი სახელი და გვარის ამოღების თაობაზე.
21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ცესკოს განმარტებით, ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა, რადგან კანონმდებლობა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის პროცედურას არ ითვალისწინებს.
31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამ თემაზე:
ოპოზიციამ მეორე ტურისთვის საარჩევნო კომისიებიდან საკუთარი წევრები გამოიხმო