weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჩვენი საწოლფონდით შესაძლებელია მოსახლეობით 2-ჯერ დიდი ქვეყნის მომსახურება – ტიკარაძე

00:57 სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოქტომბერთან შედარებით ორჯერ მეტი საწოლფონდია მობილიზებული, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მომსახურება გაეწიოს მოსახლეობით საქართველოზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

„ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პაციენტები არიან დღესდღეობით საქართველოს კლინიკებში განთავსებული; ასევე, რამდენად სწორად გვაქვს დაგეგმილი საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ისევ და ისევ, საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პაციენტს თანმხლებად და რაც შეიძლება განსაზღვრავდეს მისი, როგორც პაციენტის რისკის სტატუსს“, – განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, სახელმწიფო ცდილობს, რომ პაციენტებს არ შეექმნათ ბარიერი ყველა საჭირო კვლევის მიღებაში, რათა ექიმებს შეეძლოთ მკურნალობის დროულად დანიშვნა და იდენტიფიცირება, იმ მომენტისთვის პაციენტი გადასაყვანია თუ არა კლინიკაში.

„დღესდღეობით მნიშვნელოვანია სწორედ ამ ბმების, კავშირების და მენეჯმენტის, ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესება, რაზეც სამინისტროს ყველა რგოლი ინტენსიურად მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც მოსალოდნელი იყო და იდენტიფიცირებულია, დროულად იქნება აღმოფხვრილი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, დაწყებული 31 ოქტომბრიდან, მნიშვნელოვნად აისახა პანდემიის გავრცელებაზე.

„ეს ასევე გამოიხატება საწოლფონდის მობილიზაციის რიცხვში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დღესდღეობით აქვს მობილიზებული კერძო სექტორის ნაწილში. თუ ოქტომბერში მობილიზებული გვქონდა 2000-დან 3000-მდე საწოლი, დღეს ფაქტობრივად გაორმაგებული გვაქვს ეს რიცხვი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ადამიანის ქცევის კონტროლი: დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ყველა იმ ჰიგიენური ნორმების დაცვა, რაც თებერვლიდან ძალიან მკაცრად მოითხოვება ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუ ჩვენ გავაკონტროლებთ ყველა ჩვენს ქცევას, შევძლებთ, გარკვეულწილად შევანელოთ ინფექციის გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის რესურსის სწორი მართვისა და რაციონალურად გამოყენებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, იზიარებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აზრს, რომ მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან სამინისტრო ვერ იქნება მხოლოდ ადამიანების ქცევაზე დამოკიდებული.

საქართველოში 23 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3531 ინფიცირებული, ხოლო 36 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6221 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს. 881 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330.

22 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 4048 და გარდაცვალების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) 23 ნოემბრამდე საქართველოში კორონავირუსი 108 690 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 89 170 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1012 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]