weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

რელიგიური მსახურების უფლებას მოქალაქეებს ვერავინ შეუზღუდავს – პრეზიდენტი ბუკნარზე

12:35 ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება მოქალაქეების უფლებაა და ამ უფლებას მათ ვერავინ შეუზღუდავს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ის ქვეყნის სიმდიდრეა და მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია, „რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით“.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სოფელ ბუკნარში დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ, მათ სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. 12 იანვარს სოფელში კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. დაზიანებები მათ თავის არეში ქვებით მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

13 იანვარს, სოლიდარობის ნიშნად, ბუკნარში აჭარიდან სხვადასხვა რაიონებიდან მუსლიმები ჩავიდნენ. პარალელურად, სოფლის ცენტრში ქრისტიანები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მუსლიმებს ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. დღის ბოლოს, ჩოხატაურის მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, გურიის გუბერნატორი და დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განაცხადა, რომ ბუკნარის მცხოვრებლები შეთანხმდნენ და ლოცვაში ხელი არავის შეეშლება.

დღეს, 14 იანვარს სოფლის ცენტრში მუსლიმური თემის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ. ერთ-ერთი მათგანის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, საკითხის გადაწყვეტაში მართლმადიდებელი ეკლესიის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ. მისივე თქმით, შეთანხმება საჯარო შეხვედრაზე უნდა შედგეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]