სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც მსგავს ბრალდებაზეა საუბარი, სახალხო დამცველმა ერთი ფაქტი მაინც უნდა დაასახელოს.
„როცა სახალხო დამცველი აკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი, განსაკუთრებით როცა ისეთ ბრალდებაზეა საუბარი, როგორიც არის სუბკულტურის, კანონიერი ქურდების გავლენები და მართვა ციხეების. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და მსგავსი ცილისწამებები მეც არაერთხელ განმიცდია, როცა ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი.
როცა მსგავსი ფაქტები იყო ციხეში და მე თვითონ ვაკეთებდი ამაზე განცხადებებს (როგორც სახალხო დამცველი), მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვაქვეყნე გვარი და სახელი პატიმრის, რომლის კარი შიგნიდან იკეტებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ ჰქონდა უზარმაზარი ტელევიზორი, არ ვიცი, რამდენინჩიანი თავისი „დივიდებით“, მაცივარი გამოტენილი ყველაფრით და სამი ადამიანი ემსახურებოდა. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კოპაძის გათავისუფლება მოვითხოვე იმის გამო, რომ იქ კრიმინალებს ჰქონდათ შექმნილი პრივილეგირებული მდგომარეობა და როცა მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ბატონი კემულარია ამის გამო, დამიპირისპირდა, ზუსტად 2 თვეში აღმოვაჩინეთ ფაქტი, როცა ერთ- ერთი კანონიერი ქურდი გაიყვანეს გოგირდის აბანოებში.
ეს არის ფაქტებით ლაპარაკი და ქალბატონი ლომჯარია, როცა რამეს ამბობს, ერთი ფაქტი მაინც დაასახელოს, მაგრამ ვერ დაასახელებს, რადგან მსგავსი ფაქტი არ არსებობს და თუკი მას, მის წარმომადგენელს რომელიმე პატიმარი უყვირის ან უსტვენს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა სახალხო დამცველის ინსტიტუტის.
მაშინ, როცა იყო ყველაზე დიდი წამება ციხეებში და პატიმრებს ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ, ჩემი ნებისმიერი წარმომადგენლის იქ შესვლა იყო ზეიმი პატიმრებისთვის, არ გავიდოდა დღე და კვირა, ყოველ მეორე დღეს მაინც პირადად ვიყავი რომელიმე ციხეში და პირადად ვხვდებოდი პატიმარს და არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს პატიმრებზე გავლენა მოახდინოს, რომ ასეთ შეხვედრებზე მათ არ ილაპარაკონ სიმართლე“, – განაცხადა სუბარმა.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, სოზარ სუბარის განცხადება როგორც პროფესიულად, ისე მორალურად უღირსია.
„როდესაც ხარ ყოფილი სახალხო დამცველი და საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი, შენი საქმიანობის გამო გექმნებოდეს ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხე, სულ უფრო მეტი მხარდაჭერტა უნდა გამოემჟღავნებინა მას, თუნდაც თავისი ყოფილი თანამშრომლების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ის პირველ რიგში არის ინფორმირებული მართვის ამ უკანონი სისტემის თაობაზე, რაც ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებობს. თუ მას სურს მტკიცებულებების ნახვა, შეუძლია გაეცნოს ჩვენს ანგარიშებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 20 იანვარს იუსტიციის მინისტრს მიმართა, დაუყოვნებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და ასევე, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ლომჯარიას განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში, ქსნის N15, გლდანის N8 და რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებებში მის წარმომადგენლებს პატიმართა ჯგუფები ემუქრებიან და თხოვენ, ვიზიტი შეწყვიტონ. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს ჯგუფები დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ იმართებიან.
„ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმართა უამრავი პრობლემა ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება. დღეს უკვე ჩვენ ხელს გვიშლიან იმაში, რომ პროაქტიურად მივიდეთ, ადგილზე დავაკვირდეთ მოვლენებს და გავესაუბროთ იმ პატიმრებს, რომელთა პრობლემები და წუხილები ჩვენამდე არ მოდის ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური სუბკულტურის გავლენით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნინო ლომჯარიას ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები.