„სრულიად აშკარაა, რომ გახელაძის საქმეს იყენებენ არაერთხელ გამოთქმული პროპაგანდისტული და განზრახ ყალბი ბრალდებების გამეორების საბაბად.
საქართველოს ხელისუფლება და მათი მფარველები ფხიზლად რომ უყურებდნენ რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას, რომ მიეღოთ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაჟღერებული წინადადება საზღვრის დელიმიტაციაზე ერთობლივი სამუშაოების ჩატარების შესახებ, გახელაძის საქმის მსგავსი პროვოკაციები არ იქნებოდა“, – აცხადებს ჯიოევი.
რუსი სამხედროების მიერ, 7 თვის წინ, კასპის რაიონიდან გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდება დაგმო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირმა კი საოკუპაციო რეჟიმს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.