უგულავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ქვეყნის პარტნიორების მოწოდება მშვიდობიანი მოლაპარაკებებია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პოლიციის და სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს.
გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ერთადერთი - ნიკა მელია ციხეში არ წავა, რადგან დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს თავისუფლების დასამარებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. მოსამართლემ გადაწყვეტილების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებს დღეს არ მისცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შესვლის უფლება, სადაც ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. მას შემდეგ კი, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ „საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“.
პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.
16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.