weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარიას გადადგომის გამო, შსს-მ მელიას დაკავება დროებით გადადო

11:37 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, დროებით გადადო სასამართლოს მიერ, გუშინ, გვიან ღამით მიღებული განჩინების აღსრულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მანამდე, შსს-ს წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდნენ და უწყება ნიკა მელიას მხარდამჭერებს მოუწოდებდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში პოლიციისთვის ხელი არ შეეშალათ.

გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დღეს, დილით გააკეთა. როგორც მან თქვა, „ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექმნის ესკალაციის საბაბს“.

„იქიდან გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა გახარიამ.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა დეკემბრის ბოლოს ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ, 2021 წლის 12 თებერვალს, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]