პარტიის ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია მზად არის „ქართულ ოცნებათან“ მოლაპარაკებებისთვის.
„რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ვითარებაში იმისთვის, რომ განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით იმისთვის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც უნდა მოიცავდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღს, პოლიტიკური ელფერით წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას და 8 მარტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას.
პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული როგორც პოლიტიკური პატიმარი. ამავდროულად, ჩვენი შეთანხმება უნდა მოიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გატარებას, საარჩევნო კომისიის განახლებას და მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მას შემდეგ, რაც გუშინ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეუცვალა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა გიორგი გახარიამ. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა გიორგი გახარიამაც დაადასტურა.
„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან“, – თქვა გახარიამ ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.
გახარიას გადადგომის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებით გადადო ნიკა მელიას დაკავების პროცესი.