weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

17:14 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.  

„ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა თავდაპირველად შს მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის, ხოლო ახლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში დამტკიცდება.

„ჩვენთვის, ყველასთვის, ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიქნები ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი.

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა - კოვიდ-პანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ჩვენ, ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები.

ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.

ჩვენ ერთიანად, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას პირველად 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე იკავებდა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს გახდა ვაკანტური – მას შემდეგ, რაც გადადგა გიორგი გახარია, რომელიც მინისტრთა კაბინეტს 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.

გახარიას გადადგომას წინ უძღოდა თბილსის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. როგორც გაირკვა, გიორგი გახარიას გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა გადაწყვეტილების აღსრულებასთან (რაც მელიას დაპატიმრებას გულისხმობს) დაკავშირებით.

„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაპატიმრება დროებით გადადო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]