weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ – გომელაური ნიკა მელიას დაკავებაზე

09:57 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვერ იტყვის, როდის აღსრულდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს განჩინება და როდის დააკავებენ მას.

„ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის სასამართლოს განჩინება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „დროებით გადადო“ სასამართლოს განჩინების აღსრულება. მანამდე შსს-ს წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდნენ, თუმცა ნიკა მელიას მხარდამჭერებმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა დეკემბრის ბოლოს ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ, 2021 წლის 12 თებერვალს, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]