weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრიორიტეტი იქნება, დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება – ღარიბაშვილი

12:53 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მთავრობის საქმიანობის პირველი ასი დღის პრიორიტეტებზე ისაუბრა და მათ შორის „ქვეყანაში წესრიგის დამყარება“ დაასახელა.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ“, – მიმართა პარლამენტის წევრებს ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ​ეკონომიკაცა და პოლიტიკაც უნდა გახდეს პროგნოზირებადი, სახელმწიფომ კი უნდა იკისროს მთავარი ტვირთი პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად.

18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ დატოვა. როგორც მან განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგმიდან რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბა, რომელმაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, რომელშიც ორი ახალი სახეა – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის ნაცვლად მისი ყოფილი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძეა წარდგენილი, ხოლო თავდაცვის მინისტრად – ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან, ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის (76 დეპუტატის) მხარდაჭერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]