weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა მზად არის, მელიასთვის კვლავ გირაოს შეფარდება მოითხოვოს

20:29 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მელიას დაპატიმრება პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

„მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა - ის რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა. დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად,

დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, 3 ნოემბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. დეკემბრის ბოლოს გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

პროკურატურა ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

„სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნებოდა - გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობაა“, – აცხადებს პროკურატურა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]