ილია დარჩიაშვილი 2017 წლიდან დღემდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი.
„ილია დარჩიაშვილს დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა. ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ილია დარჩიაშვილი 1981 წელს სიღნაღში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2020 წლის აპრილშია შევსებული, დარჩიაშვილის საკუთრებაშია თბილისში, დელისის ქუჩაზე მდებარე 73,91 კვ.მ ბინა, რომელიც მან 48 500 აშშ დოლარად 2018 წელს შეიძინა, ასევე 2011 წელს 73 000 დოლარად შეძენილი 102,12 კვ.მ ბინა ქავთარაძის ქუჩაზე. დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს, პოლონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობის დროს დარჩიაშვილმა ხელფასის სახით 71 056 ევრო აიღო (ხელზე აღებული თანხა). ილია დარჩიაშვილს 2020 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 24 თებერვალს, თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ სამსახური კახაბერ ქემოკლიძემ დატოვა. ქემოკლიძის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა.