weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე – ღარიბაშვილი ჩანაწერებზე

15:18 პარასკევი, 12 მარტი 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ის, ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ. ღარიბაშვილის თქმით, ჩანაწერები 11 წლის წინ არის გაკეთებული და ის, რაც 6 მარტს ეთერში გავიდა მრავალი საუბრის ფაბრიკაციაა.

ღარიბაშვილმა ჩანაწერების გამოქვეყნებას პროკოვაცია უწოდა.

„კარგად გვესმის, ვისგან და საიდან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია. ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა... როცა გამოიკვეთა ხელისუფლებსადა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის კონტურები, სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია.

რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას.

ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ვიფიქრო ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე. ეს არის ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. რა თქმა უნდა, მე არ მსურს აღნიშული მდარე ხარისხის, ბიძნურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ, ვინდაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთის მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება:

ეს ჩანაწერები არის 11 წლის წინანდელი ჩანაწერების ფაბრიკაცია. პირველი – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ასე ვთქვათ, ყველას უსმენდნენ, კარგად მოგვეხსენება;

მეორე – თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო მაგალითად იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის: 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. ჩვენ 200-300 მილიონიანი პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში და ბუნებრივია, მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან, მათ შორის. მქონდა არერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან, ბატონ რუსუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, განათლების მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლესთან, რომელთანაც არაერთ პროექტზე გვქონდა მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა, პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, საკმაოდ ხშირი სტუმარტი იყო ჩემი, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ხშირად გვსტუმრობდა. აქედან გამომდინარემ პასუხი ძალიან მარტივია, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. არავითარი ლოგიკა არ არსებობს, სხვანაირად რატომ უნდა ყოფილიყო აღქმული და გაგებული ეს საკითხი.

მეორე – იყო საუბრები, რომ ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში. მოგეხსენებათ, პოლიტიკა 2015 წლის დეკემბრში დავტოვე. მას შემდეგ 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე ეს არგუმენტიც აბსულუტურად არალეგიტიმური და საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ჩანაწერების შინაარსს, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დანაშაული არ მომხდარა, „ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული“.

„ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რა ვითარებაში, რა ატმოსფეროში მოხდა ეს გასაუბრება ბატონი ანზორ ჩუბინიძის. დამისახელეთ, ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის ან ვინმეს ჩაგვრის; ან ჩემგან თუ ოდესმე ვინმეს რაიმე გსმენიათ ან იცით, გთხოვთ, დამისახლეთ.

მეორე – ბატონმა ანზორმა ამის თაობაზე გააკეთა ვრცელი კომენტარი და განმარტა, თუ რასთან იყო საქმე. მოხდა უბრალოდ გასაუბრება მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს, იყო უამრავი მუქარა და შეურაცხყოფა. ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორ იმ დროს ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია, მათ შორის პოლიციის ჩართულობით (მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს).

აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ნათელი. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის“ დროს, ასეთი დანაშაული, როგორც ისინი გვიყვებიან, რომ მომხდარიყო, გამოიძიებდნენ თუ არა ისინი, დატოვებდნენ თუ არა გაუხმაურებელს? რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, დასკვნაა არის შემდეგი - არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. მერიდება, რომ ამ სიყალბეზე მიწევს ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ და ისევ მოსახლეობას რომ არ დარჩეს შეკითხვა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

6 მარტს „პირველის“ ეთერში გავიდა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

9 მარტს, ჩანაწერების მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედების - ამოღების განხორციელების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პროკურატურას მასალების ამოღებაზე ნებართვა მისცა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მისმა აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]