„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის ის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა“, – თქვა ჟურნალისტებთან გახარიამ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ამასთან, გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობდა პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.
გახარიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.