weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოხსენით ამნისტიის საკითხი და დავთანხმდები ევროკავშირის გირაოს – მელია

19:08 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

„ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თანახმაა, საპატიმრო დაწესებულება დატოვოს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის გზით და იმ პირობით, რომ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ იქნება ინიცირებული.  

ციხიდან გავრცელებულ წერილში ნიკა მელია წერს, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება, ამნისტია 20 ივნისის აქციის დამრბევ პოლიციელებსა და ბრძანების გამცემ პირებზე გაავრცელოს, რაც მისთვის მიუღებელია.  

„მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს: რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია.

არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას“, – აცხადებს ნიკა მელია.

ოპოზიციონერი ლიდერი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნას.

„თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია და ამ შემთხვევაში მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, – აცხადებს მელია.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები).

შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი არ გავრცელდება 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევაზე ბრძანების გამცემებსა და აქციის მონაწილეების დასახიჩრებაში მონაწილეებზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამნისტია 20 ივნისის მოვლენების ყველა ფიგურანტს უნდა შეეხოს.

„საუბარი იყო იმაზე, პოლიციელებზე უნდა გავრცელდეს თუ არა. რა თქმა უნდა, გავრცელდება პოლიციელზეც. არგუმენტად იყო მოყვანილი, რომ თუ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას, რაც კონვენციით რეგულირდება, ასეთ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი ფაქტი არ გვაქვს“, – განაცხადა დღეს ირაკლი ქადაგიშვილმა და აღნიშნა, რომ შეთანხმების ამ ნაწილს ბოლომდე მიიყვანენ.

ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა. 25 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდის, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]