weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეცდომაში შეყვანილი ადამიანები არიან – მელაშვილი დავით გარეჯში თავდამსხმელებზე

22:31 სამშაბათი, 04 მაისი 2021

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მასზე და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე დღეს, 4 მაისს მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. მელაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს, შეცდომაში არიან შეყვანილი.

„ეს ადამიანები – გინდა სასულიერო პირები და გინდა სოფლის მოსახლეობა, რომელიც დაგვხვდა – უბრალოდ არიან შეცდომაში შეყვანილი. ზოგი შესაძლოა იყოს პროვოკატორი, მაგრამ არა, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ჩაუდო ვიღაცამ თავში, რომ აი, მელაშვილი გამყიდველია, მელაშვილმა რაღაც გადასცა და გაყიდა. სინამდვილეში არაფერი ამდაგვარი არც მომხდარა.

ხელისუფლებას ვადანაშაულებ ამაში, პროკურატურას და მართლმსაჯულებას. ესენი არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. სულ ალალ-მართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს, შეურაცხყოფას მაყენებს.

არ ვიცი, დამონტაჟებული კადრები ნახეს თუ ვინ აუხსნა და ჩაუნერგა, მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ ვითომ მელაშვილი ამბობს, გარეჯი საქართველო არ არის. გარეჯი რომ საქართველოა, როგორც ორჯერ ორი ოთხია. რად უნდა ამას ბევრი მტკიცება. უბრალოდ, სიმართლე ის არის, რომ ამ დიდი ტერიტორიის ნაწილი, რაზედაც განთავსებულია ეს ისტორიული სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, ამის ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს, 1921 წელს და მერე, 29 წელს მოხვდა აზერბაიჯანის მხარეს. ეს არის ფაქტი. სულ იმას ვცდილობდით, რომ პირიქით, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. ესენი კიდევ ვიღაცამ გაახელა და გააღიზიანა“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, შესაძლოა ადამიანები, რომლებმაც მას და გადამღებ ჯგუფს სოფელ უდაბნოში დახვდა და გზა გადაუკეტა, წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები.

„მემგონი, ვიღაცამ სპეციალურად დაურეკა, უთხრა, განაწყო, რომ აი, ახლა მოდიან და მოკითხეთ ჭკუა და სამართალი. გადაკეტეს გზა. კარგია, რომ თქვეს, ფიზიკური დაპირისპირება არ გვინდა, უბრალოდ კითხვები გვაქვსო. მე ვუთხარი, თუ კითხვები გაქვთ, კი ბატონო, მზად ვარ პასუხისთვის, მაგრამ პასუხები არ აინტერესებთ“, – ამბობს მელაშვილი.

ივერი მელაშვილი და „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი დღეს დავით გარეჯის მამათა მონასტერთან გადაღებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც თავს დაესხნენ. ჟურნალისტ ნინუცა კეკელიამ ინციდენტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვიდეოკამერა კი დააზიანეს. ჟურნალისტის თქმით, სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

2021 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. სასამართლომ ისინი 2021 წლის 28 იანვარს, 20-20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის და როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ბრალდებულებს მოუწევთ ციხეში დაბრუნება და ისინი „აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს“.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც ისიც მოწმობს, რომ მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე გამოძიება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მიმართული ყოფილიყო ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთ არგუმენტად მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოხმაურებები მოჰყავთ – უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, მათ პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები გააკეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]