weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

100 წელი და ა.შ. - ასეთი პირობებით ნამახვანჰესის პროექტს არ გავაგრძელებთ – ღარიბაშვილი

15:17 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

„მოგეხსენებათ, ნამახვანჰესის პროექტი, პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მთავრობა ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზთან“ საქართველოსთვის უკეთეს პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„იმ პირობებით, რომლებიც ჩვენ დაგხვდა – 100 წელი და ა.შ. – შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები შვიდ თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში ეწინააღმდეგებიან პროექტის განხორციელებას. პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ 2019 წლის 21 ნოემბერს ინვესტორ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 121 ლარად საკუთრებაში, 99 წლის ვადით, გადასცა რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი. კომპანიამ წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

მიმდინარე წლის 27 მაისს, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა პროექტის მოწინააღმდეგეებისთვის არ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი.

„ეს ვერ მისცემს ადამიანებს იმის განცდას, რომ სამართლიანად წარიმართა პროცესი.

99 წლის 45 წლად გადაკეთება არსებით ცვლილებას არ ნიშნავს მთელი რიგი დარღვევების ფონზე. ამიტომ, უმნიშვნელო კორექტირება იმისთვის, რომ მოგვიგდონ ძვალივით, არ გამოვა. ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის შედგენილი და მათი გათვალისწინება ერთმანეთზეა აგებული“, – აღნიშნა მუსელიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

 

ამ თემაზე:

მთავრობამ „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივა

ენერგეტიკულ გაერთიანებასაც ის პირობები აქვს, რაზეც ჩვენ უარი გვეთქვა – გოლეთიანი

ნამახვანჰესზე გამჭვირვალობის ნაკლებობა შოკისმომგვრელია – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]