მინისტრის თქმით, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა უსაფრთხოა.
გარდა ამისა, თურნავას განცხადებით, მთავრობა ინვესტორ კომპანიასთან, „ენკა რინიუებლზთან“ მუშაობს იმისთვის, რომ ხელშეკრულების პირობები გააუმჯობესონ. ამ კონტექსტში მინისტრმა მხოლოდ მიწების გადაცემის საკითხი ახსენა.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვესტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს, პირველ რიგში, ეხება მიწის იჯარაში გადაცემის წლოვანობას.
მართალია, 99 წელი შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით მართლაც არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს.
როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში ეს პროექტი მნიშვნელოვანია, პროექტი ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არსებული პირობებით ნამახვანჰესის პროექტი არ განხორციელდება და იმედოვნებს, რომ ინვესტორს დაითანხმებენ, „კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ააშენონ“ ნამახვანჰესი.
ნათელა თურნავა იყო პირველი, ვინც მიმდინარე წლის 12 მარტს, ქუთაისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა კომპანიასთან შეთანხმდა და „ენკა რინიუებლზი“ კაშხალისა და წყალსაცავის მშენებლობას მხოლოდ კვლევების გადამოწმების შემდეგ დაიწყებდა. 29 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ უშუალოდ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 9-დან 12 თვემდე შეჩერდებოდა.
„ამაზე კომპანია დავითანხმეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სინამდვილეში, მთავრობამ 17 თებერვალს უკვე იცოდა, რომ „ენკა რინიუებლზი“ ვერ შეძლებდა ქვემო ნამოხვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენას დადგენილ ვადაში, რომელიც 13 აპრილს ეწურებოდა. სავარაუდოდ, სწორედ კომპანიის მიერ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების ჩაბარების დაგვიანება გახდა კაშხლის მშენებლობის დაწყებაზე მორატორიუმის გამოცხადების რეალური მოტივი. ეს გამოცხადების გადაწყვეტილება კომპანიის მხრიდან არ ყოფილა კომპრომისი, როგორც ამას ეკონომიკის მინისტრი ამბობს.
მთავრობამ „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივა
მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.
2019 წლის 21 ნოემბრის მთავრობის N2405 განკარგულებით, რომელსაც ხელს გიორგი გახარია აწერს, ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე.
ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.