weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ორგანიზებულად სხვადასხვა ადგილებში მოხდა თავდასხმები, ამაზეც ვმუშაობთ – გომელაური

14:37 პარასკევი, 09 ივლისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაც მოხდა, სახელმწიფოზე ძალადობა იყო. გომელაურის თქმით, მიმდინარეობს მასალების შესწავლა და დაკავებები გაგრძელდება.

„ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ძალიან ცუდი ფაქტები იყო. ასეთი ფაქტები, 27 წელია ვმუშაობ ძალოვანში, მაგრამ 9 წელია თანამდებობაზე ვარ და ასეთი შემთხვევა (თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით) ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც არის ძალიან მძიმე... მე ვიტყოდი, სახალმწიფოზე ძალადობაა, რაც მაშინ მოხდა.

ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილებში მოხდა ეს თავდასხმები, არა ერთ ადგილას ვთქვათ, მარტო პარლამენტის შენობის წინ რაც ცოტა გასაკვირიც იყო, რა თქმა უნდა, და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

დავაკავეთ უკვე რამდენიმე ადამიანი, არა ერთი და ორი, 15-16 ადამიანია დაკავებული. კიდევ ვაპირებთ. ვსწავლობთ. მერწმუნეთ, ზღვა მასალაა ეს ვიდეობი და ჩანაწერები. მინდა ყველა ჟურნლაისტს, ოპერატორს ვთხოვო, გვემუშაონ უფრო აქტიურად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტებთან.

შეკითხვას, რატომ არ დაიცვა სახელმწიფომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტები ამ ძალადობისგან, გომელაურმა უპასუხა:

„ალბათ კითხვას ასე დავსვამდი – „რატომ ვერ დაიცვა?“, „არ დაიცვა“ ალბათ არასწორი კითხვაა. რაც თქვეს ჩემზე, თითქოს, ბრძანება გავეცი, რომ ჟურნალისტებს სცემეთ და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ, ეს ხომ სისულელეა და არც მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა, დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც არ სჯერათ ამის.

რაც შეეხება მომხდარს, მერწმუნეთ, პოლიცია სადაც იყო (ჩვენც ხომ ვიღებთ კადრებს), რაც შეძლეს, მაქსიმალური გააკეთეს. პოლიციის 3200 კაცამდე იყო იმ დღეს გამოყვანილი. თავიდან იყო გამოძახების 5 ობიექტი, შემდეგ გახდა 8, შემდეგ – 18. ეს ადამიანები ყველგან იყვნენ გადანაწილებული. ამის გარდა იყო ცრუ გამოძახებებიც, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი და არაფერი ხვდებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია დაარბიეს ეს ოფისი, ის ოფისი, უნდა მიუვარდნენ იქ – დაწერდა ვიღაც. ეს პოლიციური ძალები იყო გაფანტული.

სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, გამოყენებული იყო. რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც ე.წ. რობოკოპებში უნდა იყვნენ ჩაცმულები. ისინი ყველა ნაწილში იყვნენ განაწილებული. ისინი იყვნენ პოლიციის ფორმაში“, – აღნიშნა გომელაურმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული საპოლიციო ძალა, შს მინისტრმა თქვა, რომ ჟურნალისტების მიმართ მასიურ ძალადობაზე გათვლა არ ჰქონიათ.

„აქ იყო გათვლა, რომ ეს ორი ძალა, მარში, რომელსაც უნდა ჩაევლო რუსთაველზე და მეორე მხარე, ერთმანეთს არ დაპირისპირებოდა. ველოდებოდით 6 საათზე ამ ადამიანების შეკრებას, სამწუხაროდ, არ გვითხრეს ზუსტი დრო და ადგილი სად უნდა შეკრებილიყვნენ. მერე თქვეს ფილარმონიასთან. მობილიზებული იყვნენ ფილარმონიასთან რადიკალური ძალები, მეორე მხარე, ასე რომ ვთქვათ.

იყო განკუთვნილი ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ შეჯახებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო. ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, ნამდვილად არც გვიფიქრია. პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა. მაგას ვერავინ წარმოიდგენდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის ფაქტი სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენლის მიმართ გამოვლინდა.

ამ დროისთვის, 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე, პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, მათგან სამს გუშინ, ოთხს კი დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]