weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არავინ არსად გადადგომას და წასვლას არ აპირებს, ამისთვის არსებობს არჩევნები – წულუკიანი

19:33 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

არცერთ პრემიერს და არცერთ მინისტრს, ამ უკვე კრიზისების ფონზე გამობრძმედილ ქართული ოცნების მთავრობას არაფერი აღარ უკვირს და პრინციპში, დასანანიც აღარ არის, თუ რომელიმე მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ეუბნებიან გადადექი, თორემ ასე იქნება, ისე იქნება. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ და არავინ არსად გადადგომას და წასვლას არ აპირებს. ამისთვის არსებობს არჩევნები, განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერადაც დანიშნა.

„ღმერთია მოწმე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არსებობის მანძილზე და იმის რისკად, რომ სუსტ ხელისუფლებად შევერაცხეთ ვიღაცებს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონოდა სიმშვიდე. ამის საუკეთესო მაგალითად თუნდაც ყბადაღებული 8 მარტის შეთანმხება ვარგა და სულ ბოლო შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი სულაც არ არის, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც ძლიერი ხელისუფლებაა იმ გაგებით, რომ უფრო დიდსულოვანია, უფრო უკან დამხევია, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ამასაც კი ხელი მოაწერა და თქვა, რომ თუ 43%-ს არ ავიღებ მზად ვარ ახალი არჩევნებისთვის მზადება დავიწყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ყველაფერი აკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს, თუმცა მეორე მხარეს არიან ძალები, რომელთაც ეს არ სურთ.

„შესაბამისად, ისინი იყენებენ ყველანაირ ტრაგედიას, ყველა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესს და ამ შემთხვევაში ლგბტ თემის უფლებები აქციეს სათამაშოდ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად დაუშვებელია და თავადვე, ამ თავიანთი რადიკალიზმით წაახალისეს მეორე ტიპის რადიკალიზმი, რომელიც გულისხმობს განსხვავებული ადამიანის ქუჩაში ჩაქოლვას. ყველა ამგვარი დამნაშავე უნდა იქნეს სამაგალითოდ დასჯილი, იმიტომ, რომ სხვა მხრივ მშვიდობა ვერ ჩამოვარდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, „ქვეყნის წინააღმდეგ ძალიან დიდ მტრობას ჩადის ის, ვინც თვლის, რომ შეიძლება მართლადიდებელ ეკლესიას თავში ხელის წამოკვრით ელაპარაკო, ვინაიდან როდესაც მთავრობა არ იყო, მეფობა არ იყო, საერო ხელისუფლება იყო დაპყრობილი და ქართველი გმინავდა უცხოელის უღლის ქვეშ, სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე“.

თეა წულუკიანმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა ბოლო დღეებში განხორციელებული საქმიანობისთვის, იმიტომ, რომ, როგორც წულუკიანი ამბობს, არაერთი ადამიანი სწორედ პოლიციელებმა გადაარჩინეს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეორე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მისი მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად მიცემული ვადა დღეს, 12:00 ამოეწურა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა. მან მთავრობის სხდომა გამართა და გუშინდელი საპროტესტო აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა. როგორც ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთავრობა არ გადადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]