„ღმერთია მოწმე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არსებობის მანძილზე და იმის რისკად, რომ სუსტ ხელისუფლებად შევერაცხეთ ვიღაცებს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონოდა სიმშვიდე. ამის საუკეთესო მაგალითად თუნდაც ყბადაღებული 8 მარტის შეთანმხება ვარგა და სულ ბოლო შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი სულაც არ არის, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც ძლიერი ხელისუფლებაა იმ გაგებით, რომ უფრო დიდსულოვანია, უფრო უკან დამხევია, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ამასაც კი ხელი მოაწერა და თქვა, რომ თუ 43%-ს არ ავიღებ მზად ვარ ახალი არჩევნებისთვის მზადება დავიწყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ყველაფერი აკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს, თუმცა მეორე მხარეს არიან ძალები, რომელთაც ეს არ სურთ.
„შესაბამისად, ისინი იყენებენ ყველანაირ ტრაგედიას, ყველა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესს და ამ შემთხვევაში ლგბტ თემის უფლებები აქციეს სათამაშოდ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად დაუშვებელია და თავადვე, ამ თავიანთი რადიკალიზმით წაახალისეს მეორე ტიპის რადიკალიზმი, რომელიც გულისხმობს განსხვავებული ადამიანის ქუჩაში ჩაქოლვას. ყველა ამგვარი დამნაშავე უნდა იქნეს სამაგალითოდ დასჯილი, იმიტომ, რომ სხვა მხრივ მშვიდობა ვერ ჩამოვარდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, „ქვეყნის წინააღმდეგ ძალიან დიდ მტრობას ჩადის ის, ვინც თვლის, რომ შეიძლება მართლადიდებელ ეკლესიას თავში ხელის წამოკვრით ელაპარაკო, ვინაიდან როდესაც მთავრობა არ იყო, მეფობა არ იყო, საერო ხელისუფლება იყო დაპყრობილი და ქართველი გმინავდა უცხოელის უღლის ქვეშ, სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე“.
თეა წულუკიანმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა ბოლო დღეებში განხორციელებული საქმიანობისთვის, იმიტომ, რომ, როგორც წულუკიანი ამბობს, არაერთი ადამიანი სწორედ პოლიციელებმა გადაარჩინეს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეორე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მისი მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად მიცემული ვადა დღეს, 12:00 ამოეწურა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა. მან მთავრობის სხდომა გამართა და გუშინდელი საპროტესტო აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა. როგორც ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთავრობა არ გადადგება.