weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რაც 8 წელში გავაკეთეთ, როგორც დღე და ღამეა: იყო ღამე, გახდა დღე – ღარბაშვილი სასამართლოზე

18:11 შაბათი, 17 ივლისი 2021

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2012 წლამდე არსებული სასამართლო სისტემის მიმართ არც აშშ-ის და არც ევროკავშირის მხრიდან კრიტიკა არ მოუსმენია, რაც მას უსამართლობად მიაჩნია.

„საქართველო არის გამორჩეული მეგობარი რეგიონში ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდებისა და ჩინოვნიკების. უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და ა.შ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგად ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით: 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არასოდეს მომისმენია არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, ეს არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კუთხით ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას უსწრებს.

„სანდოობის მხრივ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სასამართლოს მიმართ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და გარკვეული გაუგებრობა შეიქმნას.

მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეების - გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ არჩევას. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, აღნიშნული მოსამართლეები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები არიან.

გუშინ, 16 ივლისს, ამ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა მისი თქმით, შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დანიშვნის პროცესი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა და მათთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ აშშ-ს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია უცხოელმა ჩინოსანმა მიაწოდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერები არ აკონკრეტებენ, ვის გულისხმობენ „ჩინოსანში“.

არსამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი მანამ, ვიდრე არ გატარდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რაც 19 აპრილის შეთანხმებით (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტით) არის გათავლისწინებული. ამ მოტივით, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩართვაზე უარი თქვა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]