weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დესტრუქციული ძალები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ვერ ეღირსებიან – თურნავა

14:01 სამშაბათი, 20 ივლისი 2021

ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ თქვა, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხს არ განიხილავენ. თურნავას თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობა ის არის, რომ არამართლზომიერ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი სათანადოდ დაისაჯოს.

„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიაში და სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებაში დაისაჯოს სათანადოდ. ეს არის ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა. მე ვიცი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, ბევრს ალბათ, ძალიან სურს, რომ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება – მთავრობა გადაგეს, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა, იყოს დესტრუქცია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება“, – განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტმა ნათელა თურნავას ჰკითხა, რატომ არ დაიცვა მთავრობამ 53 ჟურნალისტი და ვის ეკისრება ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„ამაზე უკვე გიპასუხეთ. ძალიან ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ჩვენ დავგმეთ ძალადობა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თქვენც ამის ნაწილი, მონაწილე ხართ.

შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას, იმიტომ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება.

ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, რომელმაც როგორც იქნა სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, ეს ტენდენციები განვითარდეს“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა – 5 ივლისს მოვლენების გამო, შიდა საუბრებში მაინც, ვინმე, მათ შორის პრემიერი, არ გრძნობს თავს უხერხულად, რაზეც ნათელა თურნავამ უპასუხა:

„თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ? არ გრძნობთ?“.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 36 წლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანიაბმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან. ისინი 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ღარიბაშვილის განცხადებამ წაახალისა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ძალადობისკენ.

36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. მანამდე, 5 ივლისს, მას ჯგუფურად სცემეს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკაში პაციენტი სწორად მართეს.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება. სამინისტრომ ლაშარავასთვის ნარკოტიკული საშუალების მიყიდვის ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა.

ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]