მოგვიანებით გახარიამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თავად პროკურატურაში გამოკითხვაზე დადიოდა.
„ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ჩადენილია არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ... მე თვითონ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი პროკურატურაში დაკითხვაზე, როდესაც ეჭვები არსებობდა. მინდა გაგახსენოთ, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი დაკითხვებზე დადიოდა პროკურატურაში. ასე ვიქცეოდი და მოვიქცევი მომავალში. ძალაინ გთხოვთ, სხვების მაგივრად პასუხს ნუ მთხოვთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თეა წულუკიანმა, რომელიც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერია, 22 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და დღემდე არ უბრუნებს.
„ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – ასე მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.
მომხდარის გამო, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. იმავე დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს დააბრუნებს, როდესაც „ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი“.
23 ივლისს „მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს,თეა წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.