მამუკა მდინარაძე, რომელიც სამართალმცოდნეა, მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედება არც ძარცვა და არც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არ ყოფილა.
„თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო მიკროფონის, სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო (ხაზს ვუსვამ) მისაკუთრების მიზნით, მაშინ ძარცვა ყოფილა, მაგრამ ვერ იქნებოდა ძარცვა იმიტომ, რომ არ შეიძლება თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ატყუებთ ხალხს. მარტივი იურიდიული კაზუსია. ნახევარი საათი ინტერვიუს რომ იძლევა ადამიანი და შემდეგ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე, ე.წ. ივენთზე რომ შეუვარდება და ჩაშლის, ის ჩაშლა არაფერია და საპირისპირო პოლიტიკური აქტი არის თურმე ხელის შეშლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი 22 ივლისს წაართვა და დღემდე არ დაუბრუნებია.
„ეს ამხელა, ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – ასე მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.
მომხდარის გამო, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. იმავე დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს დააბრუნებს, როდესაც „ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი“.
23 ივლისს „მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.