weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან ონიანი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს

15:57 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

რუსთავის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, ლევან ონიანს უნდობლობა გამოუცხადა და ფარული კენჭისყრით თანამდებობიდან გადააყენა. ონიანის იმპიჩმენტის საკითხი „ქართული ოცნების“ 9 წევრმა დააყენა, რასაც დღევანდელ სხდომაზე მხარი საკრებულოს კიდევ 7-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტიაში გადასული დეპუტატებიც იყვნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

სხდომის დასაწყისში ლევან ონიანმა დეპუტატებს ჰკითხა – გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა, არსებობს თუ არა კიდევ რაიმე მიზეზი თანამდებობიდან გადასაყენებლად.

„დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წამოვადგენთ, ვფიქრობ, რომ არ გვაქვს იმის უფლება, თავმჯდომარედ გვყავდეს ადამიანი, რომელმაც თავის პოლიტიკურ გუნდს ელემენტარულად არ შეუთანხმა გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ეს ჩემთვის საწყენი იყო როგორც სამსახურებრივად, ისე პირადადაც. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ შეიძლება გარკვეულწლილად ემოციურადაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და პირველივე დღეს დავაინიცირეთ იმპიჩმენტის საკითხი“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ.

ლევან ონიანმა, რომელიც რუსთავში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანიც იყო, პარტია 12 აგვისტოს დატოვა და „სახალხო პარტიაში“ გადავიდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩა. „სახალხო პარტიას“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

ონიანმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არ დაასახელეს. ონიანის თქმით, მას არ შეუთანხმეს, თუ ვინ უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ სიაში.

„ჩემთვის მიუღებელია ის საკადრო პოლიტიკა, ის სია, რომელიც წარადგინეს. იქ არ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ თუნდაც ოდნავი დამსახურება 2012 წლის მონაპოვარში. ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ჯდომას და რუსთავის მართვას.

ნინო ლაცაბიძე პორტირებულია თუა არა – ამ კითხვას თავად გასცეს პასუხი. დღეს ის თავგამოდებით იძახის, რომ რუსთაველია, მაშინ ვსვამ კითხვას – სად იყო 2012 წელს? 2017-ში? 2019-ში?“, – განაცხადა დღეს ლევან ონიანმა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“.  

რუსთავის მერად კენჭს პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე იყრის. როგორც მან განაცხადა, ლევან ონიანს საკუთარ გუნდში არ მოიაზრებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]