weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ გაითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობას 75 მლნ ევროს დახმარება არ სჭირდება – დეგნანი

11:50 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

ამერიკის შეერთებული სატატების ელჩი კელი დეგნანი გაკვირვებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომ საქართველო „თავს შეიკავებს“ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების მიღებისგან.

„ჩვენ ცოტა გაგვიკვირდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება მიუხედავად უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონისა და რა თქმა უნდა, კოვიდის გავლენის მიუხედავად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინგტონი ამას მხედველობაში მიიღებს.

როგორც მესმის, ეს დახმარება მიბმული იყო მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებთან და ეს ნათელი იყო გასულ წელს, როდესაც პაკეტზე ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მსჯელობდნენ.

კიდევ ერთხელ, ეს მნიშვნელოვანი რეფორმებია, რომლებიც უნდა გატარდეს და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. რა თქმა უნდა, ეს რთული რეფორმებია. ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე გატარდა, რაც ძალიან იმედისმომცემია. ახლა მნიშვნელოვანია, ეს რეფორმები განხორციელდეს იმის მიუხედავად, მიბმული იქნებიან თუ არა ისინი, 75 მილიონ ევროსთან“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შატატების კონგრესი თვალს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ყოველთვის ხელმძღვანელობს იმით, თუ რა სახის მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს მთავრობას. ელჩი დარწმუნებულია, რომ კონგრესის წევრები მხედველობაში მიიღებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ მას 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდება.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მიღებისგან, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითა და საგარეო ვალის შემცირების მოტივით ხსნის.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნული თანხა 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი 2020 წელს გაფორმდა. ამ თანხიდან 75 მილიონი ევრო საქართველომ იმავე წლის ნოემბერში მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]