weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიამ პანკისში სპეცრაზმი ჩაიყვანა, სოფელს ქვებით აცემინა და კაცი არ დაუსჯია – ღარიბაშვილი

16:54 შაბათი, 04 სექტემბერი 2021

„გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა გულდაწყვეტით საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე. მინდა მოსახლეობას შევახსენო და ჩვენ, გუნდის შიგნით, ეს არაერთხელ გვითქვამს და მათ შორის, მისი თანდასწრებით: ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას. ეს ერთი.

მეორე – ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, რომ პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი, მთელ სოფელს აცემინა ქვებით, კაცი არ დაუსჯია მას. და მესამე – ისტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, რომ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა კლუბებში, შევიდა, ააწიოკა ხალხი.

 ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ პოლიციელებს არაერთგზის შეურაცხყოფა მიაყენეს და გამოვიდა და ამ ხალხს ბოდიში მოუხადა, მათ შორის, იმ ხალხს, ვისც თავად ეძახდა ნარკომანებსა და ა.შ. აღარ გავაგრძელებ.

ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად, დაგეგმავ ოპერაციას (ვგულისხმობს „გავრილოვის“ ღამეს ჩატარებულ სპეცოპერაციას), სპეცრაზმს გამოიყვან პარლამენტის შენობის გარეთ, მაშინ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო (ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი ამას აუხსნიდა) და აცემინა 3 საათის განმავლობაში, მთელ ქვეყანას აყურებინა, როგორ სცემდნენ „ნაცმოძრაობის“ აგრესიული წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არათანმიმდევრულია, რითაც ქვეყანა წარსულში ბრუნდება.

2018 წლის 12 მაისს, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის თვითმხილველების თქმით, კლუბებში ათობით ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელი შევარდა. შსს-მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამის კლუბების გარეთ, სხვადასხვა ადგილებზე აიყვანეს. სპეცოპერაციას თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის მონაწილეებიც მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვდნენ. 14 მაისს, აქციაზე გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით ხელისუფლება მუშაობას გააქტიურებდა.

2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ჰესების მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება დილითვე დაიძაბა, თუმცა განიმუხტა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოადგილე კახა საბანაძემ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკება შესთავაზა. რამდენიმე აქტივისტი თელავში წაიყვანეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად. იმ დროს, როცა მოლაპარაკება ახალი დაწყებული იყო, შსს-მ ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები და ტექნიკა შეიყვანა, რასაც აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მოლაპარაკების მოლოდინში დამშვიდებული ვითარება შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დაამტვრიეს შს სამინისტროს მანქანები და ტექნიკა, ასევე ჰესების მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი. საღამოს პანკისში გიორგი გახარია ჩავიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. ის ადგილობრივებს დაპირდა, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდებოდა მანამდე, ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა მშენებლობას არ დათანხმდებოდა. ამის შემდეგ შსს-მ ხეობიდან სპეცრაზმი გაიყვანა.

სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ. შსს-ს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 პოლიციელი.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.

20 ივნისის ღამეს, გავრილოვის გამო პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, დაზიანებებით საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერ-მინიატრის თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული აზრის ქონა გახდა. მანამდე, 17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია ქვეყნის განვითარების, უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის; მაშინ, როდესაც ვებრძვით პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექმნის ესკალაციის საბაბს“, – განაცხადა გახარიამ გადადგომამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]