„მთავარი არხის“ კორესპონდენტმა იმერეთის რეგიონში, ირაკლი ვაჩიბერაძემ მინისტრს ჰკითხა: „ქალბატონო თეა, ჩვენს რეგიონულ კორესპონდენტს, ემა გოგოხიას ძალიან სჭირდება მიკროფონი. თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, როდის დაგვიბრუნებთ?“
თეა წულუკიანმა მიკროფონის დაბრუნების თარიღად 3 ოქტომბერი დაასახელა, ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უკავშირდება ეს თარიღი, თქვა: „ეს თქვენ თითონ ნახეთ რას უკავშირდება. თქვენ კარგად მოიქეცით, თორემ ახლა ამ მიკროფონს დაკარგავთ“.
23 ივლისს, სენაკის თეატრის შენობაში თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და დღემდე არ დაუბრუნებია. მომხდარის გამო, გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. იმავე წულუკიანმა განაცხადა, რომ მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როდესაც „3 ოქტომბერს, დილით, ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი“.
23 ივლისს ტელეკომპანიამ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და მინისტრის ქმედებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. როგორც „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.