weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა კიდევ ერთ ვალდებულებას – კარლ ჰარცელი

11:58 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021

19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის ელჩიც აკრიტიკებს. კარლ ჰარცელის განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავდა მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შემცირებას.

„საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივვე თქმით, პრინციპები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ასახავდა. გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, 28 ივლისს მან საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა და ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებდა.

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“. წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად.

„ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, დღის წესრიგიდან იქნა ამოღებული კანონპროექტის ის პუნქტი, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხებოდა. საკონსტიტუციო ცვლილება ითვალიწინებდა შემდეგს: თუ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში გენერალურ პროკურორს პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 (ანუ 90 დეპუტატის ხმით) პირველ ორ კენჭისყრაზე ვერ აირჩევდა, მესამე მოსმენაზე მისი არჩევა შესაძლებელი იქნებოდა სრული შემადგენლობის უმრავლესობით (ანუ 76 დეპუტატის ხმით). ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით (და არა 5 წლით) განისაზღვრებოდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილება სამართლებრივი სიმახინჯე იყო და ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებდა. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რატომ უნდა მიეღოთ აღნიშნული ცვლილება.

 

ამ თემაზე:

ეს არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გატეხილი პირობა – აშშ საკონსტიტუციო ცვლილებებზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]