მელიას თქმით, მიხილ სააკაშვილი „აბსოლუტურად მშვიდობიანად მოდის“ და ამას ხაზს უსვამს იმით, რომ ქვეყანაში დედასთან ერთად ბრუნდება.
„ქალბატონმა წულუკიანმა გუშინ ძალიან უკბილოდ და უზნეოდ, კნინობითად, დამცინავად თქვა, რომ დედასთან ერთად მოდისო. დიახაც, საქართველოს ისტორიის ამ გარდამტეხ პერიოდში მშობლებთან ერთად ვიბრძვით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
2 ოქტომბერს, შაბათს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებენ და ყველა, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.