კალიურანდის თქმით, მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, პროვოკაციები არ გამოიწვიოს.
„რამდენიმე კვირის წინ ევროპული პარლამენტის წევრებთან ერთად შეხვედრა მქონდა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან სტრასბურგში. შეხვედრისას მეც და ყველა წევრმა, ვფიქრობ ძალიან მკაფიოდ ვთხოვეთ, არ გამოიწვიოს პროვოკაციები და ვთხოვეთ გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი, რაც მას ამ ქვეყანაში აქვს, ვითარების დეპოლარიზაციისთვის, ეს ქვეყანა მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებამდე მიიყვანოს და გააკეთოს ყველაფერი პოლარიზაციის დასაძლევად, რაც სამწუხაროდ საქართველოში ბოლო არჩევნების შემდეგ მოხდა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
2 ოქტომბერს, შაბათს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს, 2 ოქტომბერს გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებენ და ყველა, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.