„ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი! ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა“, – წერს სოციალურ ქსელში გახარია, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატია.
წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა და ტესტის ჩატარებისკენ მერობის სხვა კანდიდატებსაც მუწოდა. გახარიამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში“ შემოწმებაზე უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიუროში „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა. 17 სექტემბერს გიორგი გახარიამ გამოაქვეყნა ავსტრიის ერთ-ერთი კერძო კლინიკაში ჩატარებული სისხლისა და შარდის ანალიზის პასუხი, რომელიც მიხედვითაც, ნარკოტიკების მოხმარება არ უდასტურდება. გიორგი გახარიას განცხადებით, თმის ნიმუშის კვლევის პასუხიც რამდენიმე დღეში იქნებოდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია „კონკაინშიკად“, ანუ კოკაინის მომხმარებლად მოიხსენია: „ჩვენი ინფორმაციით, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში“, – განაცხადა მან.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ გახარიას მოუწოდა, კოკაინს შეეშვას.
გახარიას პარტიის წევრებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძე უნდა დაიკითხოს, ხოლო დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ცრუ დასმენის ფაქტზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.