weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავსა და თიანეთს შორის ვერტმფრენით გადავიდა, აბა იმ გზაზე გაეარა – მეჭიაური ღარიბაშვილზე

12:35 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა ცენტრალური ხელისუფლება ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების გაჭიანურებისთვის გააკრიტიკა. მისი თქმით, წელიწადზე მეტია არაფერი გაკეთებულა.

„ადგილობრივი ხელისუფლება თითქოს არაფერს აკეთებს და ყველაფერს ცენტრალური აკეთებს. რაღა 2017-დან 20 წლამდე აკეთებდა? თუნდაც ახმეტა-თიანეთის გზა, რომელიც ზუსტად ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის. კი ბატონო, ჩვენ ვლობირებდით, რომ ის ჩასმულიყო თავის დროზე, მეც, ზაქროც [ზარაქია ქუცნაშვილი]. მიუხედავად დამოკიდებულებისა, ყველას გვინდოდა, გაკეთებულიყო ახმეტიდან ჟინვალამდე გზა. დაიწყო, მაგრამ მიტოვებულია. საგზაო დეპარტამენტის დენდერი იყო, 2018 წელს დაიწყო და უნდა დამთავრებულიყო . 2021 წელია, წელიწადზე მეტია იქ არაფერი გაკეთებულა. ახლა თელავსა და თიანეთს შორის რომ მოუწიათ მგზავრობა, ვერტმფრენით გადავიდა. აბა გაეარა იქ, როგორი ის არის... განსაკუთრებით ახმეტის მხარეს. აი, ეს მოჰკითხოს იმ უწყებებს, ჩვენი კრიტიკა კი არ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მეჭიაურმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში.

სამი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს თიანეთის მერად ოპოზიციონერი კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის არჩევით „ხალხი დაიჩაგრა“, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებასა და გუბერნატორის ადმინისტრაციას, ასევე სხვადასხვა სამინისტროს შორის არ იყო გამართული კოორდინაცია.

„ხალხამდე ვერ მივიდა ის სიკეთე და გასაკეთებელი საქმეები, რომელიც შეგვეძლო გაგვეკეთებინა“, – თქვა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, 24 ოქტომბერს, თიანეთში მყოფმა პრემიერმა მეჭიაურს მოუწოდა, „ქართული ოცნების“ მერობის „ახალგაზრდა და ნიჭიერ“ კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გზა დაუთმოს.

ახმეტა-თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 20 თვეში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, რეაბილიტაციის დასრულების თარიღი 2021 წლის 31 მაისით განისაზღვრა. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ასრულებდა. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]